დაბადების ადგილი: სოფელი ტანძია, ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტი. სულხან-საბა ბავშვობიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი. საქართველოს შინაური არეულობის გამო, რეპრესირებული სულხან-საბა ორბელიანი იძულებული გახდა გასცლოდა ქართლს და, როგორც ჩანს, პოლიტიკურ მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით ორბელიანმა კათოლიკური აღმსარებლობა მიიღო. სულხან-საბა ორბელიანის განმანათლებლური მოღვაწეობა, მწერლობის აღორძინებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს მისი "ქართული ლექსიკონი" ("სიტყვის კონა", 1685 – 1716), რომელიც იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით გამოირჩევა. მასში ასახულია ქართული სალიტერატურო ენის, კერძოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები, გაბედულად შემოაქვს ცოცხალ, სასაუბრო მეტყველებაში დადასტურებული ენობრივი ფაქტები.ს ულხან-საბა ორბელიანის ორიგინალურ თხზულებათაგან უმნიშვნელოვანესია იგავ-არაკთა კრებული "სიბრძნე სიცრუისა" (1686 – 1695 წწ.). იგი თავის იგავებში ძირითადი იდეური მიზანდასახულობის გამოკვეთას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ რიგი იგავ-არაკებისა თვითონვე შეთხზა. ქართული დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი პირველი და უნიკალური ნიმუშია სულხან-საბა ორბელიანის "მოგზაურობა ევროპაში", რომელიც დღიურების ფორმითაა დაწერილი. შემორჩენილია მხოლოდ საფრანგეთის, თურქეთისა და იტალიის ქალაქთა აღწერილობა. სულხან-საბა ორბელიანმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებაშიც. ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი დოგმებია გადმოცემული მის სასწავლო-აღმზრდელობითი დანიშნულების თხზულებაში "სამოთხის კარი". განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორბელიანის ქადაგების კრებულს, ე. წ. "სწავლანს", რომელიც გარკვეულ იდეურ კავშირს ამჟღავნებს იგავ-არაკთა კრებულთან, კერძოდ, "სიბრძნე სიცრუისა"-სთან. მასვე ეკუთვნის ჰიმნოგრაფიული თხზულებანი; დიდი წვლილი მიუძღვის ბიბლიის შესწავლა-რედაქტირებაში. ამ მხრივ აღსანიშნავია "ქილილა და დამანა". მანვე გალექსა ამ კრებულში ვახტანგ VI მიერ პწკარედის სახით გადმოღებული სპარსული ლექსები. იგი ქართული ლექსის ნოვატორადაც მოგვევლინა და ერთმა პირველთაგანმა სათავე დაუდო ქართული ლექსის რეფორმაციას.